,,მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს” – ალენ ბერსე

,,მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონის ცვლილებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

„შეშფოთება გამოვხატე იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რათა სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია.

მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში.

გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები“, – განაცხადა ბერსემ.

 

მსგავსი თემები