ევროკავშირის საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და მიიღონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები. ამის შესახებ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც რამდენიმე თავი საქართველოს ეთმობა.
„[ევროკავშირის] საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლაზე. საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, და მედიის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და პლურალიზმი, ისევე როგორც LGBTI პირების უფლებების.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დაშინებები, ძალადობა და დისკრიმინაცია უნდა შეწყდეს. ვიმეორებთ, რომ ფუნქციონალური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, [ევროკავშირის] საბჭო მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება, და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად, ინკლუზიურად და აზრიანად ჩართვა” – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში არის მოწოდება საქართველოს მიმართ, გამოიძიოს და პასუხი გასცეს ყველა საარჩევნო დარღვევასა და ბრალდებას.