ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმების ოდენობა იზრდება მუნიციპალურ ქალაქებში იერ-სახის დამახინჯებაზეც.
უფრო კონკერტულად, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. პროექტის თანახმად, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, პირს შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა – 15 დღემდე ვადით.
იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (ამჯამად ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია), იგივე ქმედების განმეორება კი, 3 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდება.
საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მას 13 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.