მეტროსადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ ,,სახელმწიფო უნივერსიტეტში” ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, ადგილიდან მიმალვა სცადა და ის სამართალდამცავებმა შეაკავეს. ამას გარდა, პროკურორის თქმით, მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის უმჯობესია, პატიმრობაში იმყოფებოდეს.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, ის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.

ბექა მინდორაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები