„წინა წლების პრაქტიკით, მოძალადე ჯგუფების დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო“ – შსს-ს განცხადება

შს სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

“სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს.

მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა”- განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი თემები