პროკურატურის განცხადებით, მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი ამოჭრილია

       
„მაღალი  საზოგადოებრივი  ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ  ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ  ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“ – აცხადებენ პროკურატურაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჩანაწერი არ ასახავს სრულ სურათს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ  გავრცელებული ჩანაწერი არ  შეიცავს სრულ კონტექსტს  და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.  აღსანიშნავია ასევე,  რომ  გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით,  იმ მომენტში, როდესაც  ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას (იხილეთ ,,პალიტრა ნიუსის“ 2019 წლის 20 ივნისის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი 23:39 საათიდან 23:45 საათამდე და 23:53 საათიდან 23:56 საათამდე). აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პირველად იყენებენ ცრემლსადენ გაზს აქციის დაშლის მიზნით.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურა მოუწოდებს დაცვის მხარეს და დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კვლავ  ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის და ასევე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე“  -აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიას და „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ის ვიდეო, რაც მათ გააჩნიათ, ნიკანორ მელიას უდანაშაულობას ამტკიცებს.    

მსგავსი თემები