“ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად მოექცნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ” – ამ სიტყვებით მიმართა თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე (ვანო) ხუციშვილმა კინოსა და თეატრის მსახიობებს თეატრის მთავარ დარბაზში.
მისივე განმარტებით, თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას.
“გასაგებია, რაც ხდება. ძალიან სამწუხაროა, ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. მინდა, გითხრათ, რომ თუმანიშვილის თეატრმა პირველივე დღეს თავისი პოზიცია დააფიქსირა. ძალიან გაურკვეველ და ემოციურ სიტუაციაში, შეძლებისდაგვარად ვიყავით კონსტრუქციულები. როცა განცხადებას ვაკეთებ, ჩემი განცხადება არ არის პირადი განცხადება, ეს უნდა იყოს თეატრის ყველა იმ ადამიანის გემოვნებასთან, შეხედულებასთან მიმართებით, ვინც ამ თეატრს წარმოადგენს. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაკეთეთ განცხადება. განცხადება არის ძალიან მკაფიო, რომ თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, უკანონო დაკავებას, იმ ადამიანების წამებას, ვინც აწამეს. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ყველა დაზარალებულს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მოექცნენ არაკონსტიტუციურად, არასამართლებრივად, სოლიდარობას ვუცხადებთ” – განაცხადა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.