ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, დათუნაშვილს ძალადობის კვალი, კისრის არეში აღენიშნება, ასევე დაზიანებული აქვს თვალი და ყური.
“ზურა დათუნაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის არ შესრულებას მოიცავს. მისი დაკავება ძალადობრივი გზით მოხდა, როდესაც ის შენობიდან გამოვიდა, მას პოლიციელებთან კონტაქტი არც კი ჰქონია, შავებში ჩაცმული, ერთ-ერთი პოლიციელი პროვოკაციის მოსაწყობად მივარდა, სწვდა ქურთუკში და დააგდო ძირს. ამავე პირმა პოლიციელებს ზურას დაკავებისკენ მოუწოდა. დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური”- ამბობს ადვოკატი.
წუხელ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, სადაც ოთხი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგაც დათუნაშვილი დააკავეს.