“დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა სამოქალაქო დაპირისპირებებისა და ომებისთვის“ – დონალდ ტუსკი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით უსამართლოა.  

დონალდ ტუსკმა, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, საქართველოს და ევროკავშირს, საერთო ღირებულებები აერთიანებს. 

„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ევროკავშირი ამ შემთხვევაში სოლიდარულია სრულად საქართველოს მიმართ. ჩვენ მთლიანად, კვლავ და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი გრძელდება საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა, აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის განსავითარებლად, აუცილებელია თავიდან ავირიდოთ, სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები. ის მიესალმება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს.

„მივესალმები მიმდინარე პროცესებს, როდესაც გათვალისწინებულია და ხდება გამოსწორება იმ ხარვეზებისა, რომლებიც წინა არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული. ადამიანების უფლებების დაცვის მიმართ გაცილებით მეტი ყურადღება და ის, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წელს სრული პროპორციული სისტემის მიხედვით ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული სივრცის განვითარებას, მის პროგრესს და იმედი მაქვს, ყველა თავდადებულად იმუშავებს ამ შესაძლებლობის გაღრმავებაზე. ბრიუსელიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გქონდეთ სოლიდარობის. მეორე მხრივ, სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მსგავსი თემები