მჭედლობა ხელოსნობის დარგია, რომელიც დიდ შრომას, პროფესიონალიზმს, თანმიმდევრულობასა და ტექნიკურ სიზუსტეს მოითხოვს. იმისთვის, რომ ამ დარგმა რეგიონში ფეხი მოიკიდოს, აუცილებელია სათანადო ნედლეულის ბაზა. ეთნოგრაფიული წყაროებით საქართველოს ტერიტორიაზე ამ ტიპის მასალა აღმოჩენილია თითქმის ყველა რეგიონში. მელითონეობის დიდი ცენტრები არსებობდა მტკვრის ხეობაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, შავიზღვისპირეთში. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში საქართველოში რკინა-ფოლადის დამუშავება უკვე მაღალ დონეზეა.
ისტორიულად საქართველოში რკინა-მჭედლობის დარგში დასაქმებულთა პროფესიონალიზმზე მიუთითებს სპეციალიზაცია-დიფერენციაციის არსებობა. მჭედლები ჭედდნენ და აწრთობდნენ როგორც სამეურნეო, ისე საბრძოლო იარაღებს. დღეს ტრადიციულ ქართულ საბრძოლო იარაღებზე, მჭედლობის ისტორიასა და იმ ექსპონატებზე მოგიყვებით, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა.
ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღები
რთული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა კუთხეში საომარი იარაღის მრავალფეროვნებას ვხვდებით. ისტორიულ-არქეოლოგიური წყაროები გვიდასტურებენ, რომ იარაღის კულტურა საქართველოში ოდითგანვე მაღალ დონეზე იყო.
საომარი იარაღი თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა – საბრძოლო და თავდაცვითი. თითოეული მათგანი, მოხმარებისა და დანიშნულების მიხედვით, ცალკე კლასიფიცირდება. ქართული წერილობითი წყაროებისა და ლექსიკოლოგიური მონაცემების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილმა ტრადიციული საბრძოლო და თავდაცვითი იარაღის კლასიფიკაცია მოგვცა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო იარაღი შემდეგ სახეობებად იყოფა:
- საძგერებელი (ოროლი, გმური, გეონი, შუბი, ხიშტი, ზუფანი, ლიბანდაკი)
- სატყორცნ-საძგერებელი (მაზრაკი, ზუფინი, სათხედი)
- სატყორცნი (ქვა, შურდული)
- სასროლი (მშვილდ-ისარი)
- დასარტყმელი (ლახტი, გურზი, კვერთხი, მათრახი)
- მკვეთრ-მკვეთებელი (ხმალი, მახვილი, ხანჯალი, დაშნა, დანა, სატევარი, ცული)
უფრო ვრცლად ქართული საბრძოლო იარაღების ტიპებსა და მათ ისტორიაზე ხათუნა იოსელიანის ნაშრომში – ტრადიციული ქართული საბრძოლო იარაღი – წაიკითხავთ.
მნიშვნელოვანი ექსპონატები რომლებიც დღემდე შემოგვრჩა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ხმლების არაერთი სახეობა – გორდა, კალდიმი, დავითფერული, ფრანგული (მგლისდამღიანი), ხევსურული, ლეკური (იგივე ‘’შაშკა’’), უნგრული, თბილისური, ირანული ხმლები. დღეს, მუზეუმის კოლექციებში, სამწუხაროდ შუა საუკუნეების ნამდვილი ქართული პირები თითქმის არ მოიპოვება.
ქართული იარაღების პირველი კოლექციის მოძიება რაფიელ ერისთავის სახელს უკავშირდება. ეს მისია 1852 წელს დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად ცდილობდნენ იარაღების შეგროვებას. 1854 წელს კოლექციას უმნიშვნელოვანესი ექსპონატი შეემატა ხევსურული იარაღის სრული აღკაზმულობის სახით, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. ამ კოლექციას ბერლინის მუზეუმიდან აღწერენ ივანე ჯავახიშვილი და მოგვიანებით, კონსტანტინე გამსახურდია, თუმცა მისი მოძიება დღემდე ვერ ხერხდება. ჩვენამდე შემორჩენილია შუა საუკუნეების პერიოდის მხოლოდ სამი ხმალი. ერთი მათგანი ვანშია აღმოჩენილი და მე-11 საუკუნის პირველი ნახევრით არის დათარიღებული, ხოლო მეორე, რომელსაც ხევსურულ ხმალს უწოდებენ – მე-11-12 საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს დამზადებული.
ქართველი მეფეების იარაღები
სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ბაგრატიონთ ოჯახის გორდა ხმალი. გორდა მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალია, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში, გორდა ფართოდ იყო გავრცელებული.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ასევე იხილავთ ერეკლე II-ის კუთვნილ ხმალს. ეს არის კლასიკური ,,შამშირი.” გადმოცემის მიხედვით ეს ხმალი ერეკლე II-ს ნადირ-შაჰმა აჩუქა. იარაღი ,,ბულატის” ფოლადით არის დამზადებული. საქართველო ყოველთვის განთქმული იყო საუკეთესო ფოლადის, ,,ბულატის’’ წარმოებით. XIX საუკუნეში, თბილისში, „ბულატის’’ გამოჩენილი ოსტატები, ეფრემ და ყარამან ელიზარაშვილები ცხოვრობდნენ.
შეჯამება
მჭედლობას საქართველოში დიდი ისტორია აქვს. ხელოსნობის ეს დარგი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იყო გავრცელებული. თბილისსა და სხვა ქალაქებში არსებობდა მჭედელთა ამქარი თავისი სტრუქტურითა (ოსტატი, შეგირდი, ქარგალი) და ატრიბუტებით (დროშა, ფირი), დღესასწაულებით, წეს-ჩვეულებებით (ოსტატად დალოცვა, ქარგლის ხელდასხმა). მჭედლობის უძველესი კულტურა, რომელიც სათავეს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან იღებს დღემდე განაგრძობს არსებობას.