შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. იარაღის დეტალური სია პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : საბრძოლო მასალას NASAMS-ისა და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის, Stinger-ის რაკეტებს, დრონების საწინააღმდეგო საბრძოლო მასალებს (c-UAS), 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, უპილოტო საჰაერო სისტემებს (UAS), Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, აღჭურვილობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, სათადარიგო ნაწილებს, დამხმარე აღჭურვილობას, მომსახურებას, სწავლებასა და ტრანსპორტს.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას 50-მდე მოკავშირესთან და პარტნიორთან უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფისა და მასთან ასოცირებული შესაძლებლობების კოალიციების მეშვეობით, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის სასწრაფოდ საჭირო ბრძოლის ველის საჭიროებები და დაიცვას რუსული აგრესიისგან“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.