“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე” – პრეზიდენტი

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ეს არ არის საკითხი, რომელიც დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 20 ივნისს დაწყებული აქციები, საზოგადოების ბუნებრივი გამოხატულება და წუხილია იმისა, რომ არანაირი პოლიტიკური პროგრესი არ არსებობს, საქართველოს ტერიტორიების გამთლიანების.

„ჩვენი ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა, ვერ გაუკეთებს იგნორირებას იმას, რომ ჩვენ აგვისტოში აღვნიშნავთ უკვე მე-11 წლისთავს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა. 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ 11 წელმა განვლო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, თავისთავად არის ბუნებრივი გამოხატულება იმის, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს, საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას განსაკუთრებით ამ საკითხში, როდესაც საკითხი ოკუპაციას ეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები