“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა, რომ არ ყოფილიყო მინისტრი ვახტანგ გომელაური და რომ ყოფილიყო ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია.
„მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო, იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა და რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა კონსტიტუციურ წყობილებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.