ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებიც ნაწილიც გაემიჯნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისინი განაცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს 25 თანამშრომელი აწერს.
„სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ქვემორე ხელმომწერ თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, ვსარგებლობთ რა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით, ვემიჯნებით აღნიშნულ განცხადებას.
ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ნაბიჯი, რომლითაც საქართველო დაშორდება ევროპულ ოჯახს. ევროკავშირთან თანამშრომლობის გაწყვეტა ან დროებითი შეჩერებაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას იქონიებს საქართველოში ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების დონის უწყვეტ შენარჩუნებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.