“აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ”- უფლებადამცველები

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორვ უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ.

ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წუხელ, 9 აპრილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა ნათესავის დაბადების დღეზე მიდიოდა.

„თეთრებში გამოწყობილი დააკავეს, პარლამენტის უკან ერთ-ერთ რესტორანში მივდიოდი, 9 აპრილით ავედი, წრე აღარ მოვარტყიო და დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ექიმიც, რომელიც ჰიმნის სიმღერის დროს აიყვანეს. ძალიან ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები“ – აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ძმებიდან ერთ-ერთს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აქვს, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, ის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

მსგავსი თემები