კულტურული დიპლომატია და ჩინეთ-საქართველოს გლობალური თანამშრომლობა

„გლობალური საზოგადოების მშენებლობა  და  ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა“ – აღნიშნულ საკითხზე თბილისმა ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაში, ჩინეთის ელჩთან ერთად,  ჩინეთიდან ჩამოსული პროფესორებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ორი ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„ერთად ავაშენოთ „სარტყელზე და გზა“, ახალი თავი ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში“ – სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ვუ პინგმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტიდან.

მისი თქმით, იმ ეპოქაში, სადაც გლობალური თანამშრომლობა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე, ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ურთიერთპატივისცემის, კულტურული გაცვლისა და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შუქურაა.

„ორმა ქვეყანამ განავითარა დინამიური პარტნიორობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლებას, მეცნიერებას და კულტურას. ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1993 წელს, როდესაც ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რამაც გზა გაუხსნა ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურულ გაცვლას“ – აღნიშნა პროფესორმა ვუმ.

მისივე შეფასებით, სწორედ სტრატეგიულ პარტნიორობას შეუძლია შექმნას ხანგრძლივი კავშირები, რომლებიც გეოგრაფიულ საზღვრებსა და ისტორიულ განსხვავებებს სცილდება.

„ამ პარტნიორობის საფუძველია განათლებისადმი ერთგულება. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის ადამიანური პოტენციალის გახსნისა და ხალხებს შორის ურთიერთგაგების გასაღები. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო ჩინურ-ქართული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები. კულტურული დიპლომატია გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩინურ-ქართულ პარტნიორობაში.

საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლა ხელს უწყობს ორ ერს შორის კავშირების განმტკიცებას და მათ ერთგულებას ურთიერთგაგებისა და მეგობრობისკენ“ – აღნიშნა პროფესორმა.

მან პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას  “მინი-გაერთიანებულ ერების ორგანიზაციისაც უწოდებენ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს ჰყავს თითქმის 300,000 საერთაშორისო კურსდამთავრებული, რომლებიც ფლობენ ჩინურ ენას და იცნობენ ჩინურ კულტურას მსოფლიოს 189 ქვეყნიდან და რეგიონიდან.

„2023 წელს ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის ენასა და კულტურაში ურთიერთშესწავლისთვის. შოთა რუსთაველი, ქართული კულტურის სიმბოლო, ღრმა რეზონანსს იზიარებს დიდი ძველი ჩინელი პოეტის სუ შის აზრებთან… ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ როგორც ჩინეთის, ასევე საქართველოს განვითარებაში საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებით და ამგვარად შევქმნით შესაძლებლობებს, რომლებიც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს სტუდენტებსა და მეცნიერებს, არამედ ჩვენს ფართო საზოგადოებას“ – განაცხადა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას.

 

მსგავსი თემები