“შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო”- ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეა

“საქართველო თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს” – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია.

„საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც მთავრობამ, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გასაძლიერებლად“ – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობა დააკავეს და მათ ბრალი საბჭოთა პერიოდის საკამათო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით წაუყენეს.

„ეს შემაშფოთებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, რომელიც ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელიც ამომრჩევლებისთვის საჭირო პირობებს არ ქმნიდა, რათა მათ ინფორმირებული, ზეწოლისგან და დაშინებისგან თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ, როგორც ეს ასამბლეის არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს იანვარში დაგეგმილ სესიაზე განიხილავს.

„ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ. ასამბლეა მზადაა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან და მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, მუშაობა კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში გააგრძელოს. საქართველოში ასამბლეის სადამკვირვებლო თანამომხსენებელთა მომავალი ვიზიტი ამ დიალოგისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები