„ის არის მევახშე და არა ბიზნესმენი, არც გამოვრიცხავ, რომ მიტინგებს ის აფინანსებდა“ – ჭიჭინაძე ხაზარაძეზე

  •  

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო,“ „ქართული ოცნება“ და მამუკა ხაზარაძე ერთნაირი იდეოლოგიის მატარებლები არიან. მისივე განცხადებით, თანდათან რწმუნდება იმაში, რომ თავის დროზე, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს სწორედ ხაზარაძე ლობირებდა და აფინანსებდა.

„პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩვენი მოსახლეობა არასდროს გაყიდულა. ეს ქვეყანა ბიზნესმენების არ არის, ეს ქვეყანა არის პენსიონერების, ახალგაზრდების და ყველა იმ ადამიანის, რომელსაც ამ ქვეყანაში ლუკმა-პურის შოვნა ყოველ დღე უჭირს. პირდაპირ ვამბობ, რომ „ნაციონალები“, „ევროპული საქართველო,“ „ქართული ოცნება“ და მამუკა ხაზარაძე იდეოლოგიურად ერთნი არიან. არ შემიძლია დავიჯერო ის, რომ ხაზარაძე, როგორც ბიზნესმენი არღვევდა კანონს, აკრძალულ საქმიანობას ეწეოდა და ხელისუფლებაში რომ მოვა გამოსწორდება და კანონს არ დაარღვევს“ – განაცხადა ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი და „ტრიბუნას“ ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძეს ბიზნესმენად არ მოიხსენიებს და მას მევახშეს უწოდებს: „ღმერთმა დაიფაროს ხელისუფლება მევახშეებისგან. მევახშეები ამ ქვეყანაში არასდროს უყვარდათ. მას რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამით შინაარსი არ შეიცვლება. მევახშეა, ძალიან ბევრ მიკრო საფინანსოს ფლობს. ადამიანი დაკავებული ხარ ამ საქმიანობით და პარალელურად ხან ბიზნესმენობა გინდა, ხან „ბანკირობა“ და ახლა კიდევ პოლიტიკოსობა მოუნდა“.

ჭიჭინაძის განცხადებით, არც თუ უსაფუძვლოა ეჭვები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებით კეთდებოდა.

„განცხადებები, რომელიც მაშინ კეთდებოდა ივანიშვილის მხრიდან ხაზარაძესთან მიმართებაში, რომ ხაზარაძე აფინანსებდა აქციებს, ვფიქრობ არც თუ უსაფუძვლო ყოფილა. ის იყო მიტინგების მომწყობი და ის აფინანსებდა ამ მიტინგებს. რაც შეეხება კითხვას, გიორგი კვირიკაშვილი იქნება თუ არა ხაზარაძის გუნდში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის იყო ხელისუფლებაში და სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. მიგვიყვანა მიტინგებამდე, არეულობამდე და „ბანკირებს“ პარპაშამდე. მის პერიოდში, „ბანკირების“ შემოსავალი გაორმაგდა“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები