„შემცირდება ინვესტიციებიც, სადაც პოლიტიკური სტაბილურობა არ არის, იქ ინვესტიციაც არ შედის“ – ეკონომისტი

„2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2,63-იან მაჩვენებელზე, თუმცა, პროგნოზის გაკეთება, დოლარი რა პერიოდში დაუბრუნდება აღნიშნულ ნიშნულს, პროგნოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია“ – განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც ლარის მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

„შეგვიძლია, შევაფასოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ეროვნული ვალუტის კურსზე. მოკლე პერიოდში, რაიმე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალება არ მაქვს. დღეს, საქართველოსი შექმნილი ვითარება, ვგულისხმობ საპროტესტო აქციებს, ვგულისხმობ ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის ელემენტების შემოტანის მცდელობას, ბუნებრივია, ურტყავს საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას, საინვესტიციო მიმზიდველობას და სხვა ტიპის ნებისმიერ ფაქტორს, რაც აქამდე სტაბილურად ვითარდებოდა და წინ მიდიოდა“ – აცხადებს ეკონომისტი.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღებაზეა საუბარი, ტურისტები არ ჩადიან: „დღეს, როდესაც გარკვეულწილად რევოლუციურ სცენარებზეა საუბარი, სახელმწიფო გადატრიალებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღებაზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ტურისტები თავს შეიკავებენ საქართველოში შემოსვლისგან. რუს ტურისტებს რომ თავი დავანებოთ, სხვა ძალიან ბევრი ტურისტი აუქმებს ჯავშანს. მნიშვნელოვნად შემცირდება ინვესტიციების შემოდინებაც, რადგან, სადაც პოლიტიკური სტაბილურობა არ არის, იქ ინვესტიციაც არ შედის.”

როგორც გვიდიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დღევანდელი საკითხი არ არის და შესაბამისად, გაუგებარია ის მოვლენები, რაც დღეს დედაქალაქის ცენტრში ხდება.

„საქათველოს ტერიტორიების ოკუპაცია გუშინდელი საკითხი არ არის. ვიცით დიდი ხანია რომ 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მაგრამ, ამ პროტესტის დღეს დაწყება არაადეკვატური მგონია. თან, ოკუპაციის ლოზუნგით გიორგია გახარიას გადადგომის მოთხოვნა არანაირ კავშირში ჯდება. მგონია, თავად აქციის ორგანიზატორებს ვერ გაურკვევიათ რას ითხოვენ. ფაქტია, რომ ოკუპაციის თემა პოლიტიკოსებმა სათავისოდ გამოიყენეს“, – აღნიშნა გვიდიანმა.

მსგავსი თემები