პროკურორი აქციაზე დაკავებული მათე დევაძის შესახებ განმარტებას აკეთებს

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მოხდა დაკავებულის მიმართ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება. პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარემ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე დევიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან გამოყენებული იყოს თუ არა ალტერნატიული მექანიზმი, ეს საფრთხეების, დანაშაულის ხასიათით, ბრალდებულის პიროვნებით ფასდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომეტებულად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“ – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები