,,ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები, მე მხარს ვუჭერ სანქციებს” – იუკნევიჩიენე

,,საქართველო რუსული ოლიგარქიული სტილით შეპყრობილია. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები. მე მხარს ვუჭერ სანქციებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს.

,,ახლახან ჩვენ ვაკვირდებოდით ორ მნიშვნელოვან არჩევნებს რეგიონში – მოლდოვასა და საქართველოში. ორივე არჩევნები კრემლის სამიზნე იყო. მაგრამ მოლდოვაში რუსეთს გარე აქტორის როლში ყოფნა მოუწია, საქართველოს არჩევნებში კი კრემლის ნარატივები გავრცელდა და არჩევნების მოპარვა ხელისუფლებამ შიგნიდან განახორციელა. საქართველო რუსული ოლიგარქიული სტილით შეპყრობილია. ჩვენ ეს ძალიან ღიად და მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ. მე მხარს ვუჭერ სანქციებს. აქ, ევროკავშირში, ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი. ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები”, – თქვა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებასა და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ამ არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება არ შეგვიძლია, საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება უნდა მოვითხოვოთ და მოვუწოდოთ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა ქართველ ხალხს საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს. აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატის სტატუსი საქართველოს მომავალზე მანიპულირებისთვის გამოიყენა.

ამიერიდან ევროკავშირმა ძალიან მკაფიოდ უნდა ისაუბროს როგორც ქართულ საზოგადოებასთან, ასევე ქართულ ოცნებასთან. ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია ავტორიტარიზმთან. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, რჩება თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმის უფლების შესაფერისად”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

მსგავსი თემები