დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,პრეზიდენტი”, ასლან ბჟანია, ,,თანამდებობიდან” გადადგომას დათანხმდა და განცხადება დაწერა. ინფორმაციას ე.წ. ,,პრეზიდენტის” პრესსამსახურზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
მედიაში ვრცელდება მისი განცხადებაც, სადაც წერია: ,,ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, ვაცხადებ გადადგომას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან”.
თუმცა, მედია წერს, რომ შესაძლოა, ე.წ. ,,პრეზიდენტმა” ბჟანიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ე.წ. სამთავრობო შენობების ტერიტორიიდან არ დაიშლებიან.
აქვე ირკვევა, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,ვიცე-პრეზიდენტი” ახლა ე.წ. ,,პრეზიდენტის” მოვალეობის შემსრულებელი გუნბა გახდება. ეს კი ე.წ. ,,ხელისუფლებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარეობს.
რუსული მედია წერს იმასაც, რომ გუნბა ,,თანამდებობიდან” ათავისუფლებს ე.წ. ,,პრემიერ” ანქვაბს და მის ადგილას ბგანბას დანიშნავს.
ცნობილია ისიც, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ,,პარლამენტი” ბჟანიას გადადგომის საკითხს დღეს, 19 ნოემბერს განიხილავს.