საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა. მათი თქმით, ისინი იზიარებენ პრეზიდენტის პოზიციას.
“სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას – არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან. საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ – ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევე, როგორც თქვენ და თქვენს ნდობას ჩვენ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით. ამ გადაწყვეტილებას, რომ დღეს ვრჩებით აქ, ვიღებთ ერთად. ასევე, ჩვენ მოგვიწევს სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელზეც პერიოდულად აუცილებლად გაცნობებთ”- განაცხადა “ერთობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, მომიტინგეები ამაღამაც გაათენებენ ქუჩაში ღამეს.