სომხეთში თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანტოკორუფციული კომიტეტის უფროსმა, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც სომხური მედია წერს, მასშტაბურ გადადგომებს უკვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ- მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან თავად სთხოვა ზოგიერთ მაღალჩინოსანს თანამდებობის დატოვება.
„ამ თხოვნის მიზეზი არ არის პირადი ხასიათის, არამედ სისტემურია, რომელზეც ადრეც მისაუბრია“, – განაცხადა ფაშინიანმა და მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც მისი თხოვნით თანამდებობა დატოვა.
ამასთან, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სომხეთის ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდა. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი ტიგრან აბრამიანი ამბობს, ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ამომრჩევლების წინაშე „ახალი სახით“ წარდგეს. მისივე თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა ის ფაქტიც, რომ ფაშინიანმა იმიჯი შეიცვალა და წვერი გაიპარსა.