“წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე აღარ უნდა იფიქრონ”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველი სხდომის შემდეგ, „თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას, ვინაიდან, მათ თავმოყვარეობა არ გააჩნიათ“.
„პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას. ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში – დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ და ასეც უნდა მოიქცნენ, იმიტომ, რომ თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია. მართლა რომ ყოფილიყო ლაპარაკი, პირობითად დავუშვათ 3 000 ხმაზე ან რამდენიმე ათას ხმაზე, იქ ჩამოიქცეოდა ყველაფერი. ერთი შემთხვევა იყო, სადაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და ის ადამიანი დაკავებულია – ერთადერთი შემთხვევა. მტკიცებულები მაგვარი არ გააჩნიათ არაფერი, მაინც, როგორც კანონია „რუსული“, მიაჩნიათ, რომ უნდა უკაკუნო ადამიანს თავში, რომ კანონია „რუსული“ და რა მნიშვნელობა აქვს ის რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული, ამ ლოგიკით მოქმედებენ ისინი, რაც გამორიცხულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყანაში ტყუილები ვეღარ შეასაღონ ადამიანებს და ამის გარანტორები ჩვენ ვართ”- განაცხადა მდინარაძემ.