„მინდა შევახსენო საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ჩვეულებისამებრ თავის მსჯელობებსა და შეფასებებში ხელმძღვანელობს ეროვნული მითოლოგიით და არა რეალობითა და საღი აზრით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ბედს, განვითარების მიმართულებებსა და ეროვნული ინტერესებს“ – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადგურ არძინბა „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი თქმით, აფხაზი ხალხი აბსოლუტურად ერთიანია უმთავრესში, ე.წ. „კონსტიტუციის ძირითად დებულებებში“.
„ამ მხრივ, გაურკვეველია, ვის მიმართ და რისთვის არის სოლიდარული ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელთანაც აშკარად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს არა მხოლოდ სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე, არამედ ქვეყანაში ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და, ალბათ, მორალზე. ასევე, გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები არ არის ანტირუსული ხასიათის. ნებისმიერი განცხადება ამ თემაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის, არის 100% ტყუილი და პროვოკაცია. რუსეთთან ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობისკენ მიმართული კურსი ურყევი რჩება, ისევე როგორც ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები და ურთიერთდახმარება“- წერს არძინბა.