გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმელი სტუდენტების პროტესტს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჯიპას სტუდენტებიც უერთდებიან

გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმელი სტუდენტების პროტესტს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ჯიპას სტუდენტებიც უერთდებიან. განცხადებას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

,,თსსუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!

დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ!
მოგიწოდებთ ერთიანობისკენ !

ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი!

ვიბრძვით თავისუფლებისთვის!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – ნათქვამია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაში.

განცხადება გაავრცელეს ჯიპას სტუდენტებმაც:

,,ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას.
ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, რომლებსაც პროფესიული ღირსება ავალდებულებთ მოიქცნენ ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, რომელიც მუდამ ქართული სახელმწიფოს და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების მცველი იყო.

აკადემიური სფერო იქნება ცოცხალი და დამოუკიდებელი, რისთვისაც საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა დავიბრუნოთ ჩვენი არჩევანი. ამ ბრძოლაში თითოეული სტუდენტის ხმა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ბათუმელი სტუდენტების გამბედავი და სამართლიანი პროტესტი განაახლებს ახალგაზრდების შემართებას და საერთო ძალისხმევით საქართველო დაუბრუნდება თავის ისტორიულ – ევროპულ გზას”, – წერია ჯიპას სტუდენტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დღეს, 14 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, უწყვეტი აქციები დაიწყეს.

მსგავსი თემები