“გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს არავის სჯერა, რომ უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს, ეს არის რეალობა” – ამის შესახებ ევროკომისიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზომ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა
ბაროზომ, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი იყო, გაიხსენა წევრი ქვეყნების დიპლომატიური უთანხმოება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე ევროკავშირის საერთო პასუხთან დაკავშირებით. ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებით, სამი ვარიანტი იყო: ომის გამოცხადება რუსეთისთვის, სანქციების დაწესება ან დაგმობის განცხადება.
„პირველი, ფაქტობრივად, ვიქტორ ორბანი იყო. ორბანმა თქვა: „არ ვეთანხმები სანქციებს, რადგან იქნება კონტრსანქციები, ეს ჩვენთვის უარყოფითი იქნება, მაგრამ კონსენსუსის შემთხვევაში, წინააღმდეგი არ ვიქნები“ – განაცხადა ბაროზომ.
10 წლის განმავლობაში ბაროზო ვლადიმერ პუტინს 25-ჯერ შეხვდა. ბაროზოს თქმით, პუტინს „არ სურს უკრაინის არსებობა“.
„პუტინს არ სურს, რუს ხალხთან მისვლა და თქმა: „კარგი, ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ რამდენიმე ტერიტორია, ცოტა დონბასში, ცოტა ყირიმში“. არა. პუტინის მიზანი იყო, უკრაინა არ ყოფილიყო ქვეყანა. მე ვიცი, რადგან ვესაუბრე მას ამის შესახებ. მან მითხრა: „რატომ იცავთ უკრაინას? კარგად იცით, რომ უკრაინა არის ხელოვნური ქვეყანა, რომელიც შეიქმნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ევროკომისიის მიერ“. მე ვუთხარი მას: „ევროკომისიას რომ შეექმნა უკრაინა, ინფორმირებული უნდა ვიყო“. ევროკავშირის გადასაწყვეტია, მიეცეს თუ არა პუტინს უფლება, შეასრულოს თავისი ნეოიმპერიალისტური ხედვა, თუ მისი იმპულსები შეკავდეს“ – განაცხადა ხოსე მანუელ ბაროზომ.