ევროპის პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა ფულის გათეთრებისა და მაფიის საქმიანობის გზით საგადასახადო თაღლითობის საქმის გამოძიების ფარგლებში.
ევროკავშირის პროკურატურისა და იტალიის პოლიციის ცნობით, გამოძიება ეხება IT-პროდუქტებითა და ელექტრონული მოწყობილობებით ვაჭრობისას საგადასახადო თაღლითობას და მოიცავს 400-მდე კომპანიას. გამოძიებას 200-მდე ეჭვმიტანილი ჰყავს ძირითადად იტალიასა და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანაში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილი არიან დღგ-ს გადახდისგან თავის არიდებით მიღებული შემოსავლით იტალიური მაფიის საქმიანობის ხელშეწყობაში.
დაკავებულთა შორის 34 ციხეშია, ცხრა კი – შინა პატიმრობაში. კიდევ ოთხ ეჭვმიტანილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ბრალდებულები დააკავეს ჩეხეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და ბულგარეთში.
გამოძიების ფარგლებში აღმოჩენილია 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების ყალბი ინვოისები, რომლებიც 2020-2023 წლებით თარიღდება. დაყადაღებულია 520 მილიონი ევროს ოდენობის თანხა, ასევე უძრავი ქონება სიცილიისა და ლიგურიის სანაპიროებზე, კომოს ტბასა და მილანში. ჩხრეკა ჩატარდა ათობით მისამართზე იტალიაში, ასევე ესპანეთში, ლუქსემბურგში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, კვიპროსში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.