პარიზის პროკურატურა მარინ ლე პენისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

პარიზის პროკურატურა სთხოვს სასამართლოს ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერი მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნოს ევროპარლამენტის თანხების გაფლანგვის საქმეზე. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს სთხოვს ლე პენს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რომელთაგან სამი იქნება პირობითი. თუ ასეთი განაჩენი დადგება, ლე პენი 2027 წელს დაგეგმილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ კვირას სასამართლო პროცესზე ლე პენმა განაცხადა, რომ მეოთხედ აპირებს კენჭი იყაროს საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ხოლო თუ ხელისუფლება მას ამის უფლებას არ მისცემს, აღმოჩნდება, რომ „მილიონობით ფრანგს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება“.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს საკუთარი შუამდგომლობით მიმართა, მოსამართლის წინაშე და საკუთარი არგუმენტების წარდგენა ლე პენსაც შეეძლება.

განაჩენის გამოცხადების თარიღი ნოემბრის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. სავარაუდოდ ის 2025 წლის დასაწყისში გამოცხადდება.

Politico-ს განმარტებით, თუ ლე პენს დამნაშავედ ცნობენ, მას აპელაციის უფლება ექნება, თუმცა პროკურატურა განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულებას მოითხოვს.

ლე პენის წინააღმდეგ ევროპარლამენტის ფულადი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საქმის გამოძიება 10 წლის წინ დაიწყო. თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულმა ბიურომ (OLAF) ლე პენს 339 მილიონი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა. პოლიტიკოსს ბრალად ედება ის, რომ ის მისი სამდივნოს უფროსს კატრინ გრიზეს და დაცვის თანამშრომელს ტიერი ლეჟიეს ხელფასს ევროკავშირის ფონდებიდან უხდიდა მაშინ, როცა ხსენებული პირები პარტიაში მუშაობდნენ.

მსგავსი თემები