პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ რეძიკოვოში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა საზეიმოდ გაიხსნა. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ცერემონიას აშშ-ის ელჩთან და სხვა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ბაზის გახსნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნისა და ნატო-ს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„მთელმა მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ეს აღარ არის რუსეთის ინტერესების სფერო“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე განმარტებით, „პოლონეთის თვალსაზრისით, ეს სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია“.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ბაზის გახსნა „გამორჩეულ მოვლენად“ შეაფასა პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო-ს უსაფრთხოების ისტორიაში. მისი თქმით, კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში აჩვენებს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას.
„რეძიკოვოს ბაზა ნიშნავს ამერიკული და მოკავშირე ძალების მუდმივ ყოფნას პოლონეთის ტერიტორიაზე და სტრატეგიული თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ისტორიაში“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
ამერიკული ბაზა პოლონეთში აღჭურვილია სარაკეტო თავდაცვის სისტემით Aegis Ashore, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენა და განადგურება მათი ფრენის საწყის ეტაპზე. ეს ევროპაში მეორე მსგავსი კომპლექსია.
კიდევ ერთი ასეთი კომპლექსი მდებარეობს რუმინეთის დასახლება დევესელუსთან – ეს ბაზა ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2016 წელს შევიდა. გარდა ამისა, „ნატო-ს სარაკეტო ფარის“ ელემენტებს წარმოადგენს აშშ-ს საზღვაო ძალების ოთხი ნაღმოსანი, რომლებიც მუდმივად არიან განლაგებული ესპანურ ქალაქ როტაში, ასევე რადარი თურქეთის დასახლება კურეჯიკში.
როგორც „ასოშიეთედ პრესი“ აღნიშნავს, რეძიკოვოს ბაზის გახსნა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს იგეგმებოდა „ირანის ბალისტიკური საფრთხეებისგან ევროპის დასაცავად“, თუმცა პოლონეთის ხელისუფლება ამ ბაზას ყოველთვის განიხილავდა როგორც „რუსეთის აგრესიისგან დაცვის საშუალებად“. ნატო-ს მონაცემებით, Aegis Ashore-ს „მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს“.
რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ პროექტს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბაზის ექსპლუატაციაში შესვლა არის რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეკავების მცდელობა.
„ეს არის ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ევროპის ტერიტორიაზე ჩვენი საზღვრებისკენ წინ წაწევა. ეს არის ჩვენი სამხედრო პოტენციალის შეკავების მცდელობა და, რა თქმა უნდა, იწვევს შესაბამისი ზომების მიღებას პარიტეტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პესკოვმა.
2024 წლის ოქტომბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რეძიკოვოს სარაკეტო თავდაცვის ბაზას შეეძლება ასევე რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც.