ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორი მოქალაქე, ლადო გამსახურდია და ქართლოს რუსიტაშვილი დაუსწრებლად დააკავა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TACC რუსეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ე.წ. პროკურატურა მათ დაქირავებულ მებრძოლად მსახურობაში სდებს ბრალს.
როგორც TACC წერს, ,,გამოძიებამ” დაადგინა, რომ გამსახურდია და რუსიტაშვილი სამხედრო დანაყოფ ქართულ ლეგიონს მოხალისეობრივად შეუერთდნენ და იქ უცხოეთის მოქალაქეების მიღებასა და მათთვის წვრთნების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები.
,,ორივე ბრალდებული საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, ამიტომ სასამართლომ გადაწყვიტა, აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე მათგანი დაუსწრებლად დაეკავებინა”, – წერს TACC.