“რუსთავი 2” ბოდიშს იხდის

ტელეკომპანია “რუსთავი 2” გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადების გამო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ის, რაც გიორგი გაბუნიამ გააკეთა, არ არის შესაბამისობაში არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან.  

“ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა “პოსტ კრიპტუმში” გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ ტელეკომპანიის პოზიცია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით მაყურებელს მომხდარი ფაქტის გამო. მივიჩნევთ რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები.

გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი საავტორო განცხადების გაკეთების დროს, ჟურნალისტმა გაითვალისწინოს ტელეკომპანიასთან დაკავშირებული გარემოებების კონტექსტი. მივიჩნევთ რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო.

გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება. ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები