საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა – ცესკო

,,საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებას, რომელიც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ქეთევან თურაზაშვილის მამის, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება, გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების მიზეზად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე მითითება.

სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოქმედი კომისიის წევრის მიერ გამოიკვეთება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი, ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება.

საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს ქეთევან თურაზაშვილს, დაელოდოს დაწყებულ გამოძიებაზე შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები