ვილი სანიოლი, რომელმაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2028 წლამდე იმუშავებს, სტატისტიკით „ჯვაროსნების“ საუკეთესო მწვრთნელია – მაჩვენებლებს „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.
ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ საშუალოდ 1,57 ქულა დააგროვეს. ამ მაჩვენებლით მან დავით ყიფიანს გადაასწრო, რომელმაც ნაკრები ორჯერ ჩაიბარა და მისი საშუალო მაჩვენებელი 1,53 ქულაა. საშუალო ქულებით საუკეთესო მწვრთნელები (დასახელებულია მწვრთნელები, რომლებმაც საქართველოს ნაკრებში 10-ზე მეტ შეხვედრა გამართეს):
ვილი სანიოლი 42 მატჩი, საშუალოდ 1,57 ქულა;
დავით ყიფიანი 22 მატჩი, საშუალოდ 1.53 ქულა;
ვლადიმირ ვაისი 47 მატჩი, საშუალოდ 1,34 ქულა.