ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც უკრაინის მხარდაჭერას განიხილავს

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში მიემგზავრება. ეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ბლინკენის პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ნატო-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრების დროს ბლინკენი განიხილავს უკრაინის მხარდაჭერას. როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ-ის მთავრობა ეცდება, 20 იანვრამდე უკრაინას გადასცეს უკვე გათვალისწინებული დახმარება, ანუ ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებას დონალდ ტრამპი გადაიბარებს.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ უკრაინა რაც შეიძლება ძლიერ პოზიციაზე დავტოვოთ როგორც ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე დახმარების გაზრდის, ისე მსოფლიოში პარტნიორებთან კოორდინაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მზადყოფნა, ჩაერიონ ნებისმიერ სიტუაციაში“ – განუცხადა „როიტერს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

მსგავსი თემები