სამხრეთ ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში მანქანა სპორტული ცენტრის მოედანთან შეკრებილ მოქალაქეებს დაეჯახა. შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა.
ინციდენტი, ადგილობრივი დროით, ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. CNN-ის ინფორმაციით, ჟუჰაის სპორტულ ცენტრს გარე მოედანი აქვს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშისთვის ხშირად სტუმრობს.
ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა. 62 წლის კაცი, გვარად ფანი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.
,,ოფიცრებმა ფანი მანქანაში იპოვეს, როდესაც ის დანით თვითდაზიანებების მიყენებას ცდილობდა, გააჩერეს და სამკურნალოდ საავადმყოფოში გაგზავნეს. კისრის მძიმე დაზიანებების გამო ფანი ამჟამად უგონო მდგომარეობაშია, ჯერ კიდევ გადის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მისი დაკითხვა შეუძლებელია”, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
წინასწარი გამოძიებით, პოლიცია ვარაუდობს, რომ ინციდენტი 62 წლის კაცის განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფის თაობაზე უკმაყოფილებით იყო გამოწვეული.