,,რუსული სამხედრო ობიექტები უკრაინისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მებრძოლს, ვინც დრონების დარტყმების ეფექტურობას უზრუნველყოფს.
,,შედეგები ყველასთვის თვალსაჩინოა, როგორც ფრონტის ხაზზე მოქმედი დრონები, ასევე ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მებრძოლებისთვის. მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური ოპერაციების ძალების. რუსებს აღარ შეუძლიათ, დამალონ თავიანთი სამხედრო საწყობები, აეროდრომები და სამხედრო საწარმოები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, ვინც ანადგურებს რუსულ ტექნიკას ფრონტის ხაზზე. კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა დანაყოფებმა უკვე გაანადგურეს 1300-ზე მეტი რუსული ტანკი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის პარტნიორებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან ახალ თავდაცვით პაკეტებზე, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას.