ბათუმში ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება

27 ივლისს ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება. მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ვითარება სახელდება.

კლუბ UP2U-ს დამფუძნებლის, ირაკლი ფირანიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება ჯგუფის კონცერტი მომავალ სეზონზე გაიმართება.

„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.

ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ. 2018 წელს მომღერალი წინასაარჩევნოდ გავრცელებულ მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

მსგავსი თემები