ირანში სტუდენტი, აჰო დარიაეი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ცნობით, ქალმა პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ირანის ,,მორალის პოლიციამ” მას ჰიჯაბის ,,არასწორად ტარების” გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სტუდენტი გოგონას ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოქვეყნდა სტუდენტურ სოციალურ მედიაარხზე „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენი“, შემდეგ კი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw-მ, Iran Wire-მა და Amnesty International-მა. კადრები, სავარაუდოდ, მეზობელი შენობიდან არის გადაღებული.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩასვეს სტუდენტი გოგონა მანქანაში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა და წაიყვანეს. „ამირ ქაბირის საინფორმაციო ბიულეტენის“ ინფორმაციით, დაკავებისას გოგონა სცემეს.