,,გრიპის სეზონი დაიწყო, პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება” – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,გრიპის სეზონი უკვე დაწყებულია და პიკური პერიოდი დეკემბერ-იანვარში იქნება”, – ამის შესახებ ,,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როდის იქნება საუკეთესო პერიოდი გრიპის ვირუსის ვაქცინაციისთვის.

,,შარშანაც და წელსაც ნოემბრის პირველ კვირას დაფიქსირდა გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევა, ისე როგორც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ ნოემბრიდან მარტის ბოლომდე ეს არის პერიოდი, როდესაც გრიპის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოში და ხაზგასმით ვამბობდით, რომ შემთხვევების მატების პიკი მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარის პერიოდში.

შესაბამისად, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც აპირებენ ჩაიტარონ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სწორედ ახლა არის ამისთვის იდეალური პერიოდი. ვინაიდან გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ. თუ ახლა გაიკეთებთ გრიპის ვაქცინას, ნიშნავს იმას, რომ გრიპის შემთხვევების პიკურ პერიოდში თქვენი იმუნური სისტემა იქნება სრულ მზადყოფნაში დაგიცვათ გრიპის ვირუსისგან”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, ვაქცინის ძირითადი დანიშნულება არამხოლოდ ინფიცირებისაგან დაცვაა, არამედ დაინფიცირების შემთხვევაში მდგომარეობა იქნება საშუალო სიმძიმის და გართულებების გარეშე.

როგორც მან აღნიშნა, წელს გამონაკლისი პერიოდია ვინადან, მას შემდეგ რაც გრიპის ვაქცინაცია სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშაა, პირველად გამოცხადდა, რომ ეს ვაქცინა იქნება გახსნილი ასაკის, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად და 4 ნოემბრიდან ქვეყანაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს იმუნიზაციის ცენტრებს და უფასოდ ჩაიტაროს ვაქცინა.

,,4 ნოემბრამდე პერიოდი ძირითადად გამოყოფილი იყო რისკჯგუგებისთვის. პირველ რიგში, ეს ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით. ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან. ვაქცინაცია, ასევე რეკომენდირებულია სამედიცინო პერსონალსა და ორსულებში. ეს სწორედ ის ფენაა, სადაც შესაძლოა გრიპი მძიმე გართულების საფუძველი გახდეს. ასევე საფრთხილოა ქრონიკული დაავადების მქონე პირები. დღეის მდგომარეობით, 37 000 ადამიანია აცრილი საქართველოში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.

გრიპის ვირუსი და ვაქცინაცია – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები