თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ 12 საარჩევნო უბნის შედეგები გააბათილა. ამის შესახებ, მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საარჩევნო აპარატით და ბიულეტენით ხმის ფარულობა არ იყო დაცული.
„ამომრჩეველმა ყოველგვარი მანიპულაციის და საფრთხის გარეშე უნდა იცოდეს, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, მისი არჩევანი იქნება ფარული, და მისი ნების გამოხატვა იქნება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. დღეს განვიხილეთ საკითხი ფარულობის შესახებ და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით ამ საარჩევნო აპარატით, ამ ბიულეტენით ხმის დაცულობის და ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“- განაცხადა მან.
ცნობისთვის, მოსამართლემ ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. მან დარბაზში ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი მოატანინა. ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.