,,ენერგოდეფიციტის გამო, უკრაინას უმძიმესი ზამთარი ელოდება” – „პოლიტიკო“

ენერგოდეფიციტის გამო, უკრაინას უმძიმესი ზამთარი ელოდება. „პოლიტიკოს” ცნობით, რუსეთის იერიშების ფონზე, კიევში მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა ყოველდღიურად 8-20 საათით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ომის დაწყებიდან უკრაინაში ყველა ზამთარი იყო გამოწვევებით სავსე, თუმცა მოახლოებული სეზონი დგება ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მრავალთვიანი დარტყმების შემდეგ.

მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, რუსეთმა ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ 200 რაკეტა და დრონი გაუშვა. უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის, გენადი რიაბცევის მონაცემებით, რუსეთის იერიშების გამო უკრაინის ელექტროენერგიის წარმოება ცხრა გიგავატზე მეტით შემცირდა. ეს არის რვა ელექტროსადგურის და თბომომარაგების 800-ზე მეტი ობიექტის დაკარგვა.

ექსპერტების თქმით, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთის დარტყმებს უკრაინის ბირთვულ სადგურებზე. ამჟამად უკრაინის ბირთვული რეაქტორები უზრუნველყოფს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 60%-ს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ გასულ თვეს უკრაინამ ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა, რადგან შიშობს, რომ რუსეთის სამიზნე მალე ქვეყნის ბირთვული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდება. მანამდე, გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსგავსმა იერიშებმა, შესაძლოა, ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს.

მსგავსი თემები