რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი (ემერჯენსი) და სტაციონარი მუშაობას ანახლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი სრულად გარემონტდა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღიჭურვა. განყოფილება 12 საწოლზეა გათვლილი, მოწყობილია-ტრიაჟის ოთახი, შოკის დარბაზი, მცირე და დიდი ობსერვაციის დარბაზები, ასევე ბოქსირებული პალატა.
კლინიკაში განახლდა და აღიჭურვა კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტიც (რეანიმაცია), სადაც განთავსებულია 12 საწოლი – I-II-III დონის ინტენსიური საწოლები, გადაუდებელი დიალიზის საწოლი, იზოლირებული და ბოქსირებული პალატები.
ჯამში, ორივე დეპარტამენტში, 110 სამედიცინო პერსონალია დასაქმებული.