“ირაკლის მუსიკა გახარიას გადადგომასთან არ არის ასოცირებული” – ქეთათო ჩარკვიანის პროტესტი

პარლამენტის შენობის წინ, აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს აღარ გააჟღერებენ. მიზეზი მუსიკოსის მეუღლის პროტესტია, რომელიც მიიჩნევს, რომ “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გაშვებით მისი უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, დაირღვა.


ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს.

“ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა, რომ ტრიალებდეს ეს მუსიკა. მხოლოდ გახარიას გადადგომასთან არ ასოცირდება ეს მუსიკა. ბიძინას “გადმოვცურავ ზღვით” აღვიძებენ და გასაღვიძებლად კიდევ სხვა რამე ჩაურთონ”, – განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა.

ქეთათო არ გამორიცხავს, თუ მეუღლის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. 

“როდესაც ერთ უსამართლობას აპროტესტებ, მეორეს არ უნდა ჩადიოდე. ერთ კონკრეტულ მაჯლაჯუნას ეხება ეს, მაღალ, სათვალიან მაჯლაჯუნას. მაგათი ერთი ადგილის თამაშზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევი. მე ყველანაირი ბერკეტი მაქვს… თუ გამაღიზიანებენ, გამაბრაზებენ, გაბრაზება მე რომ ვიცი, მაგათ ეგეთი არ დაესიზმრებათ,” – აცხადებს ქეთათო პოპიაშვილი.

მსგავსი თემები