„დავიბრუნოთ ქვეყანა“- პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა

„დავიბრუნოთ ქვეყანა“ – ამ ლოზუნგით დღეს, 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „ტალღაა“. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს, დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რის გამოც აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

„2 ნოემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს.

საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული მეთოდით ჩატარდა, რადგან ხმის დათვლისას ტექნოლოგიები მიზანმიმართულად არასწორად გამოიყენეს. ჩვენი პროტესტი არ შეჩერდება, სანამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება! გარდა ამისა, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა მთავრობის უკანონო ქმედებების გამო “ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები