“აპატიეთ და გეპატიებათ!” – დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.

მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. იგი თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა. გასაოცარ სულიერებას მამა გაბრიელი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 12 წლისამ კარგად იცოდა სახარება. ჯერ პატარა სენაკი, შემდეგ კი ეკლესია საკუთარ ეზოში თავად ააშენა. კომუნისტურ პერიოდში მისი ეკლესიის დანგრევას რამდენჯერმე შეეცადნენ.

„ის წვებოდა კუბოში და იქ იძინებდა, რომ განეგდო სიკვდილის შიში! ის ათვალიერებდა შიშველი ქალის ფოტოებს, რომ ეძლია ვნება! ის ჭამდა მარხვაში ხორცს, როგორც მწვანილს. ის დადიოდა ფეხშიშველი და ჩამოკონკილი, რომ დაეძლია ფუფუნება! ის ხმამაღლა ყვიროდა ეპისკოპოსების წირვისას, რომ ემხილებინა უსამართლობა! ის ამბობდა, მიუტევეთ და მოგეტევებათ!აპატიეთ და გეპატიებათ! ის ახლოს იყო და არის უფალთან! დღეს მისი ხსენების დღეა! გვფარავდეს წმინდა გაბრიელი!“

მსგავსი თემები