,,ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის, ეს ტყუილია. როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირი, ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად ედება კონკრეტული სამართლებრივი აქტი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ და მედიის წარმომადგენლებს მიმართა:
„თუ შეიძლება, რომელიმე ჟურნალისტმა დამისახელეთ დოკუმენტი, საბუთი, სამართლებრივი აქტი, გარდა განცხადებებისა, რომელიც საფუძველს მოკლებულია, – როგორ შეჩერდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. სად აისახა, რა დოკუმენტში აისახა, რა აქტი გამოვიდა. მე გეუბნებით, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის. ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც არცერთი სხვა საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არსებობს, ვასრულებთ, ავდივართ ძალიან მაღალ პროცენტზე, 2028 წლისთვის 80%-მდე გვექნება შესრულებული. მათი ფუნქციაა, რომ ეს შემდეგ ობიექტურად შეაფასონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე – როგორც წარმოგიდგენიათ ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, ევროკავშირიდან განცხადებების ფონზე – მდინარაძემ ასე უპასუხა:
„ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვაგრძელებთ სვლას წინ ევროპისკენ. ზუსტად ისე, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და ვასრულებთ. ზუსტად ისე, როგორც მივიღეთ ჯერ ლიბერალიზაცია და შემდეგ კანდიდატი სტატუსი. ეს სტატუსი მივიღეთ დიდი ბრძოლით. მაშინაც ამას გვეუბნებოდნენ, მაშინაც ანტიქართული, დამაზიანებელი განცხადებების კასკადი გვქონდა 1 წლის განმავლობაში და დაგვიანებით, სამართალი ჩვენთანაც მოვიდა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ზუსტად ასე ბრძოლით და არა ცალ ფეხზე დგომით მივიღებთ ჩვენ ყველა იმ საეტაპო გადაწყვეტილებას, რაც საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდის“, – განაცხადა მდინარაძემ.