მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, საქმე ეხებოდეს პროცედურის დარღვევებს, თუმცა არა გაყალბებას.
„ბრალდებულის პოზიციაა, რომ საქმე გვაქვს არა გაყალბების ფაქტთან, არამედ, შესაძლოა, საქმე გვქონდეს პროცედურის დარღვევებთან და არამც და არამც გაყალბებასთან. არცერთი ყალბი ბიულეტენი არაა საქმეში წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებულებმა ეს ბიულეტენები ჩაყარეს საარჩევნო ყუთში“- განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორის განცხადებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერები ადასტურებს, რომ ორივე ბრალდებულმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა.