უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს, მიუხედავად აშშ-ის არჩევნების შედეგებისა.
ზელენსკის თქმით, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში, ან შეიცვლება თუ არა აშშ-ის მხარდაჭერა, უკრაინა არ წავა კომპრომისზე საკუთარ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ან გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, ან შეასუსტოს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება რუსეთს ოკუპაციის მეტ საშუალებას მისცემს. უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება არ მოგვცემს ამ ომში გამარჯვების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე საუბრისას ზელენსკიმ უკრაინაზე პოტენციური ზეწოლის გამო შეშფოთება გამოხატა.
„ტრამპმა განაცხადა, რომ ის საქმის კაცია და უბრალოდ სურს ომის სწრაფად დასრულება და რაღაც მოდელის პოვნა, მაგრამ თუ ტრამპი მისი გამარჯვების შემთხვევაში მოინდომებს უბრალოდ აიძულოს უკრაინა, დათმოს ყველაფერი და ამგვარად შეთანხმდეს რუსეთთან, არ მგონია, რომ დღესეს შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა არ აღიარებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად.
„უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში არ აქვს კონსტიტუციური უფლება, უარი თქვას თავის კანონიერ სახელმწიფო ტერიტორიებზე, ამიტომ იურიდიულად ეს უბრალოდ შეუძლებელია, რაც უნდა მოიფიქროს პუტინმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.